You are on page 1of 15

საქმე №2/4920-19

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით

15 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა


კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე შპს „------------------------------–--------------------


წარმომადგენელი მინ---------------–-

მოპასუხე ლ-–--------------
წარმომადგენელი გ--------------–---–-

დავის საგანი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი


ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნაა

1.1. მოპასუხე ლ-–-------------ისათვის მოსარჩელე შპს „მ-----------------------------–---------


----------ს“ სასარგებლოდ 24 581.01 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

2015 წლის 18 ნოემბერს შპს „მ----------------------“ და ლ-–--------------ს შორის დაიდო


საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N14173,
ასევე მის საფუძველზე გაფორმდა ამავე ხელშეკრულების დანართები:
18.11.2015 წლის იპოთეკის ხელშეკრულება N14173 და 2015 წლის 02 დეკემბერს
საკრედიტო ხელშეკრულება N14173. აღნიშნული ხელშეკრულების
საფუძველზე, მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 10 994 აშშ დოლარი,
შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 35 თვე, სარგებელი სესხზე - წლიური 18%,

1
პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის განისაზღვრა სესხის თანხის 0.5%-ის
ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ვალდებულებების
უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა დ-------–---–---ძის კუთვნილი
უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, გ-----–---–------------–--–------, ს/კ N0--1--1-----
.----

საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-12


მუხლის 12.5. პუნქტის მიხედვით, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ვერ
მოხერხდა დავალიანების სრულად დაფარვა, კრედიტორი უფლებამოსილია
დარჩენილ ნაშთზე გადახდევინება მოეთხოვა მოვალის სხვა ნებისმიერი
ქონებიდან.

ლ-–--------------მ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ,


ნაწილობრივ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება
საპროცენტო სარგებლისა და სესხის ძირი თანხის გადახდაზე. გადახდილი აქვს
პროცენტი 2143.02 აშშ დოლარი და სესხის ძირი 10.22 აშშ დოლარი.
აღნიშნული გადახდები განახორციელა 2017 წლის 02 თებერვლამდე პერიოდში
და მას შემდეგ ვალდებულება არ შეუსრულებია. საკრედიტო ხელშეკრულების
თანახმად, მას ყოველი თვის 2 რიცხვში ეკისრებოდა სარგებლის გადახდა და
ბოლოს 2017 წლის 02 თებერვალს გადაიხადა საპროცენტო სარგებელი, ხოლო
02 მარტს აღარ გადაუხდია, შესაბამისად, პირგამტეხლო ერიცხება 03
მარტიდან.

2017 წლის 19 მაისს მსესხებელს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, იმის


განმარტებით, რომ მას გააჩნდა დარღვეული ვალდებულება შპს „რ---------------“
მიმართ და ამ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, თუ მანამდე
არ გადაიხდიდა დავალიანებას, მოსარჩელე ცალმხრივად გაუზრდიდა
დარიცხული სარგებლის ოდენობას წლიურ 60%-მდე. აღნიშნული შეტყობინება
მოპასუხეს არ ჩაბარდა, რის გამოც იგი გამოქვეყნდა საჯაროდ 2017 წლის 05
ივნისს „ს----------------–-“. ლ-–-------------ის მიერ არც ამის შემდეგ
განხორციელებულა რაიმე ღონისძიება დავალიანების გადასახდელად, რის
გამოც პროცენტი 2017 წლის 06 ივლისიდან ხელშეკრულების ბოლომდე
2018 წლის 02 ნოემბრის ჩათვლით ერიცხება წლიური 60%-ის ოდენობით.

ლ-–--------------მ 2017 წლის 21 ივნისს სარჩელი აღძრა შპს „მ----------------------“


წინააღმდეგ დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით, კერძოდ,
2017 წლის 03 მარტიდან დაკისრებული პირგასამტეხლოს ყოველდღიური
სესხის ძირითადი თანხის 0.5%-ის ოდენობის 0.05%-მდე შემცირების
მოთხოვნით, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სარჩელის აღძვრის დროისათვის ლ-–-------------ის დავალიანება შეადგენს:

2
24 581.01 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 10 983.78 აშშ დოლარი,
პროცენტი 9538.72 აშშ დოლარი, (რომელიც მოიცავს 2015 წლის 02 მარტიდან
2017 წლის 06 ივლისამდე დარიცხულ სარგებელს წლიური 18%-ის ოდენობით,
ჯამში - 840.27 აშშ დოლარს და 2017 წლის 06 ივლისიდან 2018 წლის 02
ნოემბრის ჩათვლით, დარიცხულ წლიურ 60%-ს სარგებელს - 8698.45 აშშ
დოლარს) და პირგასამტეხლო - 4058.51 აშშ დოლარი.
ლ-–-------------ის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად რეგისტრირებული
იპოთეკის ხელშეკრულება გაუქმებულია სხვა სესხის
სამართალურთიერთობიდან გამომდინარე განხორციელებული სააღსრულებო
წარმოების შედეგად, რის გამოც კრედიტორი მოთხოვნას ვერ იკმაყოფილებს
იპოთეკის საგნით.

2.მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის


მოთხოვნები. (ს.ფ. 76-84). მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ვალდებულება არ
გააჩნია, რადგან იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით დაიკმაყოფილა
კრედიტორმა მოთხოვნა. მოსარჩელის მიერ აუქციონზე შეძენილი
იპოთეკის საგანი გარდამავალი იპოთეკის უფლებით იყო
დატვირთული, ამიტომ თვითონ იკისრა მოვალის ფულადი
ვალდებულების შესრულება. სადავოდ გახადა პროცენტის ოდენობა.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2015 წლის 18 ნოემბერს შპს „მ-----------------------------–--------------------“ და ლ-


–--------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების
შესახებ ხელშეკრულება N14173, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ
საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, რაც გულისხმობს ამ
ხელშეკრულების 3.1. პუნქტში მითითებული საკრედიტო პროდუქტებით
მომსახურების წესის განსაზღვრას. შპს „რ--------------“ უფლებამოსილია ამ
ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალუტითა და ასევე სხვა ნებისმიერი
ვალუტით გასცეს ხელშეკრულებაში მითითებული საკრედიტო პროდუქტები
ისე, რომ მისმა ჯამურმა დავალიანებამ არ გადააჭარბოს ამ ხელშეკრულების
2.1. პუნქტში მითითებულ თანხას ან მის ექვივალენტს.

ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების


ძირითადი პირობები, კერძოდ ხელშეკრულების თანხა: 11 000 აშშ დოლარი,
მოქმედების ვადა: 10 წელი, სარგებლის მაქსიმალური ოდენობა (წლიური
პროცენტი) 60%. პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა დარჩენილი თანხის
0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

3
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
2015 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-22).

3.1.2.ამავე ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.5 პუნქტის მიხედვით, თუ


უზრუნველყოფის ხელშეკრულებების საგნის რეალიზაციიდან მიღებული
ამონაგები საკმარისი არ იქნება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების
ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი
დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მთლიანად
შესასრულებლად, მაშინ კლიენტს დაეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ
ასეთ ნაშთზე. იგივე განხორციელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რაც
შეიძლება წარმოიშვას ამ ქონებების რეალიზაციის პროცესში.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:


მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
2015 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-22).

3.1.3. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების


პირველი მუხლის 1.2. პუნქტის შესაბამისად, საკრედიტო პროდუქტებით
მომსახურების შესახებ ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული
ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების
შესრულების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 18 ნოემბერს შპს „მ-----------------
------------–-------------------“, დ-------–---–---ძესა და ლ-–--------------ს შორის
გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N14173, რომლის თანახმად,
იპოთეკის საგანია დ-------–---–---ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება,
მდებარე, ქ. თბილისში, გ-----–---–-----------–--–-------, ს/კ N0--1--1-----.----

იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:


მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-32).
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 34-35).

3.1.4. 2015 წლის 02 დეკემბერს შპს „მ-----------------------------–--------------------“ და ლ-–--


------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N14173, რომლის
თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება ლ-–-------------ის სასარგებლოდ
გაეცა სესხი 10 994 აშშ დოლარი, წლიური სარგებლის ოდენობა
განისაზღვრა 18%. სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 35 თვის ვადით.

ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.10. პუნქტის მიხედვით,


გათვალისწინებულია შპს „მ-----------------------------–---------------------“
უფლებამოსილება წერილობითი შეტყობინების საფუძველზე

4
ცალმხრივად გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი, არაუმეტეს წლიური
42%-ით, წინა და/ან დამატებითი პირობების შეუსრულებლობის
შემთხვევაში.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:


მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 24).

3.1.5. შპს მ-----------------------------–-------------------ს“ მიერ გაცემული სესხის თანხა


მსესხებელმა აითვისა.

ლ-–--------------მ დაარღვია ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი


ვალდებულება და 2017 წლის 02 მარტიდან აღარ გადაუხდია ხელშეკრულებით
გათვალისწინებული პროცენტი.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:


მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ხელწერილი (ს.ფ. 33).
ცნობა (ს.ფ. 39).
წერილი (ს.ფ. 40).
ცნობა (ს.ფ. 49).

3.1.6. 2017 წლის 19 მაისს მსესხებელს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება,


იმის განმარტებით, რომ მას გააჩნდა დარღვეული ვალდებულება შპს „რ------------
---“ მიმართ და ამ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, თუ
მანამდე არ გადაიხდიდა დავალიანებას, მოსარჩელე ცალმხრივად გაუზრდიდა
დარიცხული სარგებლის ოდენობას წლიურ 60%-მდე.

აღნიშნული შეტყობინება მოპასუხეს არ ჩაბარდა, რის გამოც იგი გამოქვეყნდა


საჯაროდ 2017 წლის 05 ივნისს „ს----------------–-“. ლ-–-------------ის მიერ არც ამის
შემდეგ განხორციელებულა რაიმე ღონისძიება დავალიანების გადასახდელად,
რის გამოც პროცენტი 2017 წლის 06 ივლისიდან ხელშეკრულების
ბოლომდე 2018 წლის 02 ნოემბრის ჩათვლით ერიცხება წლიური 60%-ის
ოდენობით.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:


მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
წერილი (ს.ფ. 40).
უკუგზავნილი (ს.ფ. 41).
საჯარო შეტყობინება(ს.ფ. 43).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

5
3.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ-–-------------ის სარჩელი მოპასუხე
შპს „მ-----------------------------–-------------------ს“ მიმართ. 2015 წლის 18 ნოემბრის
N14173 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ
ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის 2017 წლის მარტიდან
დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა
შესასრულებელი ვალდებულების 10 983.78 აშშ დოლარის 0.05%-ის
ოდენობით.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:


მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
2018 წლის 21 დეკემბრის განჩინება (ს.ფ. 44-48).

3.2.2. 2018 წლის 13 ნოემბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს


აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს
განკარგულების საფუძველზე, შპს „------------------------------–--------------------
აღირიცხა მესაკუთრედ, უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისში, გ-----–---–-------
-----–--–------, რომელიც იპოთეკის საგანს წარმოადგენდა.

საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკა გაუქმდა.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:


ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 37).

3.2.3. ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ლ-–-----


--------ის ვალდებულება არ შეწყვეტილა იპოთეკის საგნის შპს „მ------------
-----------------–-------------------სათვის“ საკუთრებაში გადაცემით.

2019 წლის 11 მარტის მდგომარეობით ლ-–--------------ს საბანკო კრედიტის


ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება
დავალიანება სესხის ძირი თანხა 10 983.78 აშშ დოლარი.

ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2015 წლის 02 მარტიდან 2017


წლის 06 ივლისამდე დარიცხული პროცენტის ოდენობა შეადგენს
840.27 აშშ დოლარს, ხოლო 2017 წლის 06 ივლისიდან 2018 წლის 02
ნოემბრამდე, პერიოდზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით
დარიცხული პროცენტი 9538.72 აშშ დოლარს.

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით


შემცირებული დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 2017 წლის 03

6
მარტიდან 2019 წლის 12 მარტამდე, სარჩელის შეტანამდე პერიოდზე
შეადგენს 4058.51 აშშ დოლარს.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დგინდება, რომ კრედიტორის შპს


„მ-----------------------------–-------------------ს“ განცხადების შესაბამისად, ნოტარიუსმა
ც--------------მ 2017 წლის 07 აპრილს გასცა სააღსრულებო ფურცელი,
მოვალე დ-------–---–---ძის მიმართ. სააღსრულებო ფურცლის გაცემის
საფუძველს წარმოადგენდა 2015 წლის 18 ნოემბრის იპოთეკის
ხელშეკრულება N14172. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა
განისაზღვრა: იპოთეკური სესხი: 20 417.71 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი
თანხაა 16 993.52 აშშ დოლარი, მასზე დარიცხული სარგებელი 535.29 აშშ
დოლარი, პირგასამტეხლო 2 888.90 აშშ დოლარი. დადგინდა დ-------–---–---ძის
კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისში, გ-----–---–-----------–--–-------,
რეალიზაცია.

კრედიტორმა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი წარადგინა სააღსრულებო


ბიუროში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული
ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 13 ნოემბრის
განკარგულების საფუძველზე, შპს „მ------------------------------–---------------------“
აღირიცხა იპოთეკის საგნის მესაკუთრედ. (ს.ფ. 52-55, 56-58).

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსში არსებული კრედიტის


უზრუნველყოფის სახეობებიდან იპოთეკა მოთხოვნას შეუსრულებლობისგან
ყველაზე მეტად იცავს. კრედიტისა თუ სესხის უზრუნველყოფის სანივთო-
სამართლებრივი ასპექტი სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა.
როგორც წესი, კერძო ავტონომიის ფარგლებში ხელშეკრულების შინაარსი
იმგავარად ფორმირდება, რომ იგი მაქსიმალურად უზრუნველყოფს
სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებას. ამის წინაპირობას კი სწორედ
სანივთო უფლება - იპოთეკა ქმნის. უზრუნველყოფის ღონისძიების
გამოყენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოვალისა და კრედიტორის
ნებას, კერძოდ, მოვალის სურვილს, გარკვეული რისკის ქვეშ დააყენოს უძრავი
ქონება, რითაც ქმნის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების წინაპირობას და
კრედიტორის სურვილს, გასცეს თანხა, სანაცვლოდ მიიღოს უზრუნველყოფის
ღონისძიება გარანტიად, რომლითაც უპირობოდ დაკმაყოფილდება მისი
მოთხოვნა მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. -
იპოთეკას ახასიათებს აქცესორული ხასიათი - რაც იმას ნიშნავს, რომ
სანივთო უფლება დამოკიდებულია ძირითადი მოთხოვნის არსებობაზე
(სკ 153-ე მუხლი).

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4


მუხლის მიხედვით, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს
იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება

7
ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის
უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი
აღსრულების განმახორციელებული კრედიტორების იპოთეკის შემდეგ.
თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებული იპოთეკარები არიან
საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო
ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული
ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“
ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების
საფინანსო ინსტიტუტები, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება
ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე
რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო
გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში რჩება უცვლელი.

მოცემულ შემთხვევაში, ამ მხრივ, იპოთეკის უფლება გაქარწყლებული არ


არის, რადგანაც: ა) არსებობს სესხის ხელშეკრულებიდან თანხის
მოთხოვნის უფლება, რომლიდან გამომდინარეც ვალდებულება
შესრულებული არ არის; ვალდებულების არსებობის სამართლებრივი
წინაპირობები არის ის, რომ იგი არ შეწყვეტილა ვალდებულების
შეწყვეტის არცერთი კანონისმიერი საფუძვლით, მათ შორის - არც
იპოთეკის საგნის რეალიზაციის ან იპოთეკის საგნის იპოთეკარისათვის
საკუთრებაში გადაცემის გზით, რადგან საქმეში წარმოდგენილი
მტკიცებულებებით, დგინდება, რომ უძრავი ქონება, რომელიც მსესხებლის ლ-–
-------------ის სასესხო ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფდა,
წარმოადგენდა იპოთეკის საგნის მესაკუთრესა და მოსარჩელეს შორის
არსებული სხვა სასესხო ვალდებულების უზრუნველყოფის საგანს, რომელი
მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაც მიიღო მოსარჩელემ საკუთრებაში ეს
უძრავი ქონება. ამასთან, მოსარჩელესა და დ-------–---–---ძეს შორის სესხის
ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების უზრუნველსაყოფად
გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულია მანამდე, ვიდრე
დარეგისტრირდებოდა განსახილველ შემთხვევაში სადავო სესხის
ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის
ხელშეკრულება. ამდენად, შპს „რ---------------“ მიერ დ--------–---–----ის მიმართ
მოთხოვნის იძულებით აღსრულების განხორციელებისას იპოთეკის
საგანზე მისი საკუთრების უფლების წარმოშობის შემდეგ,
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, გაუქმდა მის შემდეგ,
რეგისტრირებული იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც
უზრუნველყოფდა ლ-–-------------ის ვალდებულებას კრედიტორის წინაშე.

სამოტივაციო ნაწილი

8
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად,


სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 623-ე, 361-ე, 625-ე, მე-400,


54-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის


შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია
მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად,


ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ
დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის


ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს
ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე
სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

დადგენილია რომ მხარეებს შპს „მ-----------------------------–--------------------“ და ლ-


–--------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის
ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მოსარჩელემ
იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხი, ხოლო მოპასუხემ
იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა თანხა ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ ვადებში.

დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ სისტემატურად ირღვეოდა სესხის


ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის გადახდის ვადები და
2015 წლის 02 მარტის შემდეგ არ გადაუხდია სესხზე დარიცხული
პროცენტი, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ,
სესხის ძირი თანხაც არ გადაუხდია. შესაბამისად, კრედიტორი
უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალისაგან გადაუხდელი ძირი თანხის
გადახდა.

6.2. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,


მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს
პროცენტი იპოთეკით

9
უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა
შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განისაზღვრა საპროცენტო განაკვეთი


წლიური 18%, რამაც 2015 წლის 02 მარტიდან 2017 წლის 06 ივლისამდე
შეადგინა 840.27 აშშ დოლარი, რომლის ანაზღაურების ვალდებულება
ეკისრება მსესხებელს. ამასთან, კრედიტორმა გამოიყენა, ხელშეკრულების მე-2
მუხლის 2.10. პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება და
საპროცენტო განაკვეთი 2017 წლის 06 ივლისიდან გაზარდა წლიური 42%-ით,
ამ დროიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის ბოლომდე 2018 წლის 02
ნოემბრის ჩათვლით დაარიცხა წლიური 60%, რამაც ჯამში შეადგინა 9538.72
აშშ დოლარი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა 2017 წლის 06 ივლისიდან,


სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაზრდილი სარგებლის
დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო


განაკვეთი წლიური 60 პროცენტი, მეტად დიდია. იგი ბევრად აღემატება
საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური
ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო
განაკვეთს. სასამართლო პრაქტიკისათვის ფაქტობრივად უცნობია მხარეთა
შეთანხმება სარგებლის მსგავს ოდენობაზე როგორც ბანკებთან, ასევე
მიკროსაფინანსო ან ფიზიკურ პირებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში.
შესაბამისად, მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობა ზემოთ
მითითებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს ზემოთ უნდა
ჩაითვალოს ბათილად, მისი ამორალური ხასიათის გამო. სამოქალაქო
კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს
კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან
ზნეობის ნორმებს. უნდა ითქვას, რომ მითითებული ნორმით გარკვეულწილად
შეზღუდულია ადამიანის ნების გამოვლენის აბსოლუტური თავისუფლება. რა
თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს თვითონ განაგოს მისი ცხოვრება,
იმოქმედოს ისე როგორც მას სურს, დადოს გარიგებები, რომლებიც მისთვის
მისაღებია და იტვირთოს პასუხისმგებლობა იმ სახით, როგორც ამას თვითონ
გადაწყვეტს. მას შეუძლია სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე
დაამყაროს ადამიანებთან მისთვის სასურველი ურთიერთობა, შესაბამისად,
დადოს ისეთი სახის გარიგება, როგორც მისთვის მისაღებია, ამოირჩიოს
კონტრაჰენტი, განსაზღვროს ხელშეკრულების პირობები და ა.შ. აღნიშნული
უკავშირდება ნების გამოვლენის თავისუფლებას, რაც გარანტირებულია

10
მთელი რიგი სამართლის ნორმებით. გარიგების დადების შემდეგ მხარეთა
მიერ გამოხატული ნება მხარეთათვის გადაიქცევა სავალდებულოდ
შესასრულებლად. მათი შემდგომი მოქმედებები კი იზღუდება მათ მიერ
გარიგებაში გამოხატული ნების შესაბამისად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,
სახელმწიფო მხარეთა მიერ ნების გამოვლენას გარიგებათა დადების დროს,
აქცევს გარკვეულ ფარგლებში და მას სამართლებრივ ზღვარს უდებს. ამისი
მაგალითია შემთხვევები, როდესაც კანონმდებლობა გარკვეული სახის
გარიგებებს ბათილად მიიჩნევს. ამ ფარგლების გაცდენის შემთხვევაში
მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ბათილი გარიგების ერთ-ერთ სახეს
ამორალური გარიგება წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის
მიხედვით, ამორალური გარიგება განმარტებულია, როგორც გარიგება,
რომლებიც ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს. ზნეობის ნორმებში ყოველთვის
იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება.
სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების
თანაბრობის პრინციპის დაცვას. ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები
ყოველთვის შესატყვისი უნდა იყოს მეორე მხარის ვალდებულებებთან. ამ
თანაფარდობის დარღვევა ყოველთვის ბადებს გარიგების მონაწილეებზე
სხვადასხვაგვარი ზეგავლენის, შეცდომაში შეყვანის, ან სხვაგვარი
ზემოქმედების ვარაუდს, რაც ხშირად იწვევს უსამართლობისა ან უწესობის
განცდას. როგორც აღვნიშნეთ, მხარეთა მიერ ვალდებულებების თანაბარი,
სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა.
მისი უგულვებელყოფა კი გარიგებათა ბათილობის საფუძველია. ეს პრინციპი
მოქმედებდა და მოქმედებს საუკუნეების განმავლობაში ევროპის უმეტეს
სახელმწიფოებში. მისი მოქმედება ყოველთვის მიმართული იყო სამოქალაქო
ბრუნვის მონაწილეთა უსამართლო, არაკეთილსინდისიერი შედეგებისაგან
დაცვისაკენ. (რომაული სამართლის მიხედვით ბათილად მიიჩნეოდა გარიგება,
თუ გასაყიდი მიწის ღირებულება რეალური ღირებულების ნახევარი იყო,
ასევე, ავსტრიისა და გერმანიის სამოქალაქო კოდექსების მიხედვით, მხარეებს
ხელშეკრულების მოშლა შეეძლოთ, თუ მათ მიერ გაწეული სამსახური ორჯერ
აღემატებოდა გადახდილ საფასურს და ა.შ.). ბევრი ქვეყანა ბათილად მიიჩნევს
გარიგებებს თუ სახეზეა მხარეთა ვალდებულებათა დისპროპორცია და იგი
დადებულია მეორე მხარის გონივრული განსჯის უუნარობით, ნების
მნიშვნელოვანი სისუსტით, მძიმე მდგომარეობით და ა.შ (ავსტრიის, გერმანიის
სამოქალაქო კოდექსი, შვეიცარიის კანონი ,,ვალდებულებითი სამართლის
შესახებ’’ და ა.შ.). აღნიშნული საკითხის მსგავსი რეგულირება ქმნის
ხელშეკრულების შედარებით სუსტი მხარის დაცვის წინაპირობებს მეორე

11
მხარის ძალმომრეობისაგან. შესაბამისად, იგი უზრუნველყოფს
სახელშეკრულებო სამართლიანობას მხარეთა შორის. საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ამორალურ გარიგებებთან მიმართებაში
შეიცავს მხოლოდ იმ დათქმას, რომ იგი არის გარიგება, რომელიც არღვევს
ზნეობის ნორმებს. განსხვავებით გავლენის ბოროტად გამოყენების შედეგად ან
იძულებით დადებული გარიგებებისაგან (სამოქალაქო კოდექსის 55-ე, 85-ე
მუხლები), გარიგების ამორალურად მისაჩნევად აუცილებელი არ არის იმ
გარემოებათა დადგენა-დადასტურება, რამაც განაპირობა ამ გარიგების დადება.
საკმარისია, არსებობდეს დისპროპორცია ხელშეკრულების მხარეების მიერ
ნაკისრ ვალდებულებათა შორის, რომ სასამართლომ იგი მიიჩნიოს ამორალურ
გარიგებად. შესაბამისად, შეუძლებელია, გარიგების ამორალური ბუნების
გამორიცხვა იმის გამო, რომ არ დგინდება ერთ მხარეზე მეორე მხარის მიერ
განხორცილებული იძულების ფაქტი. სამოქალაქო კანონმდებლობა არ
აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ამორალურ ქმედებად, მაგრამ იგი
იცავს საზოგადოებას ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო ქმედებების
განხორციელებისაგან. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებისათვის
მნიშვნელოვანი მორალური ღირებულებების დაცვა კანონის საფუძველზე
წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული შეხედულებებისა და სამართლის
ნორმების ჰარმონიზაციის ნიმუშს. კანონის შესაბამისად, ზნეობის
საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება დაკავშირებულია შესაბამის
სამართლებრივ შედეგებთან და იგი იწვევს ადამიანთა მიმართ მთელი რიგი
მაიძულებელი ღონისძიებების გატარებას. ზნეობის ნორმის დაუცველობა
განაპირობებს ადამიანთა მიერ გამოვლენილი ნების გაბათილებას. მისი
საწინააღმდეგო შეთანხმებები არარაა და მათ არანაირი სამართლებრივი
შედეგების დადგომა არ უკავშირდება. ხშირად საზოგადოების მიერ
ამორალურად მიიჩნევა ისეთი შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულების
მხარეები ერთმანეთს უწესებენ ბევრად უფრო მძიმე მოთხოვნებს, ვიდრე ეს
მართებულად მიჩნეულია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მსგავსი მოთხოვნები არ
გამომდინარეობენ საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებლობიდან. პირიქით,
ისინი გაუმართლებლად ლახავენ საზოგადოების წევრთა უფლებებსა და
ინტერესებს, საფრთხეს უქმნიან ადამიანის მთელ რიგ ღირებულებებს. ასეთი
სახის შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს განუზომლად მაღალი საპროცენტო
განაკვეთის დაკისრება. შეუძლებელია, წლიური 60 პროცენტიანი
განაკვეთის არსებობა გონივრულად ჩაითვალოს. შესაბამისად, უნდა
გაბათილდეს მხარეთა მიერ დათქმული საპროცენტო განაკვეთის
ოდენობა, 30%-ის ნაწილში, რომელიც ბევრად აღემატება საქართველოს
ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური

12
ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო
საპროცენტო განაკვეთს.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 06 ივლისიდან 2018 წლის


02 ნოემბრის ჩათვლით დარიცხული სარგებელი უნდა განახევრდეს,
სარგებლის შესახებ შეთანხმების ნაწილობრივ ბათილად ცნობის გამო და
მსესხებლის დავალიანება ამ ნაწილში განისაზღვროს 4349.22 აშშ
დოლარით. შესაბამისად, კრედიტორი
უფლებამოსილია
მსესხებლისაგან სარგებლის სახით მოითხოვოს ჯამში, 5189.49 აშშ
დოლარის გადახდევინება.

6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა პირგასამტეხლოს


დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა
გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლით დადგენილია მოვალის


მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევები.
კერძოდ, ასეთად ჩაითვლება თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში
ვალდებულება არ შესრულდება;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,


ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ
დროსა და ადგილას. ვალდებულების შეუსრულებლობა
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში განიხილება
არაჯეროვან შესრულებად.

სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ


რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის
მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება.
ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი
ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს
უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს


პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების
შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული
მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით
განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს
ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე
კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი

13
ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ
პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

დადგენილია, რომ მხარეებს მხარეებს შორის დადებული სესხის


ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა,
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით
შემცირდა და განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-
ით. შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს
მოვალისაგან პირგასამტეხლოს სახით, ფულადი ვალდებულების
შესრულების ვადის გადაცილებისათვის დარიცხული შემცირებული
პირგასამტეხლო, რაც გადაუხდელი სესხის ძირი თანხის
გათვალისწინებით, 2015 წლის 03 მარტიდან 2018 წლის 12 მარტამდე
პერიოდზე შეადგენს 4058.51 აშშ დოლარს.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი


ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის
სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს,
თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში
სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ
დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს
მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს
გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის
მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი
ეთქვა.

მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის


პროპორციულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ
უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის
ასანაზღაურებლად 1631.36 ლარის გადახდა.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად,


სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის,
სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის
შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ
სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც
საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით
დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს
უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

14
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო


კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. შპს „მ-----------------------------–-------------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს


ნაწილობრივ.

1.1. დაეკისროს მოპასუხე ლ-–--------------ს მოსარჩელე შპს „მ-----------------------


------–-------------------ს“ სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის 10 983.78 აშშ
დოლარის ეკვივალენტი ლარის, პროცენტის 5189.49 აშშ დოლარის
ეკვივალენტი ლარისა და პირგასამტეხლოს 4058.51 აშშ დოლარის
ეკივივალენტი ლარის გადახდა.

2.დაეკისროს მოპასუხე ლ-–--------------ს მოსარჩელე შპს „მ-----------------------------–--


-----------------ს“ სასარგებლოდ 1631.36 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი
სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო


სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის
ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება


გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების
გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო
ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა,
გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს
გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის
ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის
გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე: მაკა ჭედია

15

You might also like